დავით ზალკალიანი - ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება გააძლიერებს უსაფრთხოებას შავ ზღვაზე
დავით ზალკალიანი - ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება გააძლიერებს უსაფრთხოებას შავ ზღვაზე

ნატო-ს მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა, – ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში გამართული ნატო-ს მინისტერიალი, სადაც შეთანხმდა ახალი მიმართულებები შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე, რომელზეც ალიანსი იმუშავებს საქართველოსა და უკრაინასთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ მინისტერიალამდე მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია პარტნიორებთან.

„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა, გამომდინარე იქიდან, რომ მინისტერიალმა დაამტკიცა შესაბამისი პაკეტი, რომელიც მოიცავს შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართულებით ქმედებებს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველომ ძალიან სერიოზული მუშაობა გასწია, რომ მსგავსი სახის შედეგი მიგვეღო დღეს. მთელი წინა პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით ნატოელ პარტნიორებთან, რაც საბოლოოდ გამოიხატა კიდეც შედეგებში. მინისტერიალი საუბრობს უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე შავ ზღვაზე, გულისხმობს უფრო მეტი საზღვაო გემის ვიზიტს, ინფორმაციის გაცვლას, პერსონალის მომზადებას ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში და ასევე ნატო თვისობრივად გაზრდის თავის ყოფნას შავი ზღვის აკვატორიაში, რაც დამატებით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ დეკლარაციაზე, სადაც განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ღია კარის პოლიტიკას.

დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რათა ჩვენი ქვეყნის პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, სათანადო გადაწყვეტილებებში აისახოს.