დავით ზალკალიანი ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ნორვეგიელ, რუმინელ და ხორვატ კოლეგებს შეხვდა
დავით ზალკალიანი ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ნორვეგიელ, რუმინელ და ხორვატ კოლეგებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრები გამართა ნორვეგიელ, რუმინელ და ხორვატ კოლეგებთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმხრივი ურთიერთობების პარალელურად საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოების გარემო, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი და აღნიშნულზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების აუცილებლობა იყო. კიდევ ერთხელ აღინიშნა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მსგავსი ქმედებების კატეგორიული მიუღებლობა და ხაზი გაესვა ქართველი ექიმის დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობას.

მინისტრებთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ნატო-ს ლიდერთა მოახლოებულ შეკრებას ლონდონში და იმას, თუ როგორ იქნება ასახული საქართველოს პროგრესი ალიანსის მაღალი დონის შეხვედრაზე.

„რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მის აქტიურ, პრაქტიკულ ჩართულობას ამ მიმართულებით ნატო-ს ქმედებებში. მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა ასევე ითანამშრომლონ შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის და ორი ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების წარმოჩენაში.

მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. დავით ზალკალიანმა და ინე მარიე ერიკსენ სორაიდემ კმაყოფილება გამოთქვეს ქვეყნებს შორის გააქტიურებული ურთიერთობებისა და მაღალი დონის შეხვედრების ინტენსიფიკაციის გამო“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, ხორვატიის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა, გორდან გრილჩ რადმანმა და დავით ზალკალიანმა შეხვედრაზე მიმოიხილეს ორ​მხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხორვატიის წარმატებულ გამოცდილებაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ხორვატიის პრიორიტეტებზე.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დავით ზალკალიანმა ასევე გამართა შეხვედრა გენერალური მდივნის მოადგილესთან და ევროპარლამენტარებთან.

დატოვე კომენტარი