დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა
დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზალკალიანი ბრიუსელში 20 ნოემბერს დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანთან, ასევე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან  გამართავს შეხვედრებს.

შეხვედრებზე განიხილება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები, ასევე არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და ყურადღება გამახვილდება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე დიალოგს, რაც თავის მხრივ, აახლოებს ჩვენს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევასთან“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.