დავით ზალკალიანი ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში 3-4 დეკემბერს ლონდონში მიემგზავრება
დავით ზალკალიანი ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში 3-4 დეკემბერს ლონდონში მიემგზავრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში 3-4 დეკემბერს ლონდონში ვიზიტით მიემგზავრება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის დომინიკ რააბის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, როგორც ნატო-ს პარტნიორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობს.

NATO Engages: Innovating the Alliance – ატლანტიკური საბჭოს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის, გლობსეკ-ისა და რუსი-ს (Royal United Services Institute – RUSI) თანაორგანიზებით ტარდება. შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მიძღვნილ პანელზე – From the Baltic to the Black Sea: Security on NATO’s Frontlines მინისტრი სიტყვით გამოვა, სადაც ნატო-ს წევრი ქვეყნების რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე და ამ კუთხით საქართველოს ძალისხმევებზე ისაუბრებს.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მინისტრის ორმხრივი შეხვედრა ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქრისტოფერ პინჩერთან.