დავით ზალკალიანი - ნატო-ს კომუნიკეში კიდევ ერთხელ დადასტურებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი
დავით ზალკალიანი - ნატო-ს კომუნიკეში კიდევ ერთხელ დადასტურებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი

ნატო-ს კომუნიკეში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ღია კარის პოლიტიკაზე გაკეთებულ ჩანაწერზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, კომუნიკეში უაღრესად პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოში გატარებული რეფორმები.

„ეს ნაწილი, რომელიც მოიცავს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დებულებებს არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ გვაქვს წინსვლა. საუბარია იმ კონკრეტული მექანიზმებზე და ინსტრუმენტებზე, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია, არსებითი პაკეტი – კომუნიკეში პირდაპირი მინიშნებებია სამივე მთავარ ინსტრუმენტზე. საუბარია იმაზე, რომ ეს ინსტრუმენტები ხელს უწყობს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას.

საქართველო კიდევ ერთხელ არის მოხსენიებული ასპირანტ ქვეყნად. უაღრესად პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოში გატარებული რეფორმები. დადასტურებულია, რომ საქართველო ამ პრაქტიკული ინსტრუმენტების განხორციელების შედეგად აუცილებლად მიაღწევს საბოლოო მიზანს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან. რაც შეეხება წევრობის სამოქმედო გეგმას, ყველა თანხმდება, რომ ეს არის საქართველოს ალიანსში მიწვევასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ნატო-ს სამიტის ბოლოს 29 მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია მიიღეს.ტექსტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები.

დეკლარაციის 65-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ნატო ერთგულია ღია კარის პოლიტიკისა და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.