დავით ზალკალიანი - ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ ალიანსის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ გადაიხედება
დავით ზალკალიანი - ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ ალიანსის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ გადაიხედება

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ყველა მოლოდინი, რაც მქონდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა აღნიშნულ შეხვედრაზე, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართა.

„გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება არანაირი გადახედვა ნატო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომ მთავარი პრიორიტეტი და წითელი ხაზები გადის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და ჩვენს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ნატო-ს მხრიდან არის მზაობა, რომ გაგრძელდეს რუსეთის ფედერაციასთან დიალოგი და არსებობს მიმართულებები, რომლებზეც შესაძლებელია საუბარი, თუმცა, მინისტრის განმარტებით, არ იქნება კომპრომისი იმ წითელ ხაზებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დღის წესრიგი ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით შენარჩუნებული იქნება.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ნატოელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში, რომ ეს პროცესი არ დაზიანდეს და რა დაგეგმილი ღონისძიებებიც გვქონდა, ყველა ჩატარდეს შესაბამის ვადებში და დატვირთული იყოს იმ შესაბამისი შინაარსით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები დავდოთ მადრიდის სამიტზე“, – აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.