დავით ზალკალიანი - ნატო-ს ერთიანობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია
დავით ზალკალიანი - ნატო-ს ერთიანობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ლონდონში, ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ნატო-ს ერთიანობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

„ნატო-ში 29 ქვეყანაა და სხვადასხვა პოზიციები არსებობს. თუმცა მნიშვნელოვანია ერთობის შენარჩუნება. საჭიროა ერთიანი მიდგომა, სოლიდარობა ნატო-ს მოკავშირეებს შორის, რაც მნიშვნელოვანია. ეს შემიძლია გითხრათ, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყნის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება თურქეთს, ის მნიშვნელოვანია მოთამაშეა რეგიონში. თურქეთს დიდი წვლილი შეაქვს ევროპული უსაფრთხოების განმტკიცებაში. რა თქმა უნდა, არსებულ სიტუაციას სხვადასხვაგავარად აფასებენ, მაგრამ თურქეთის მნიშვნელობის გათვალისწინება აუცილებელია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობაზეც და არსებულ სიტუაციას ჰუმანიტარული კატასტროფა უწოდა.

„საქართველოს მოსახლეობის თითქმის 10 პროცენტი იძულებით გადაადგილებული პირია. ხალხი იტანჯება. საქართველს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია რეალურად, ჰუმანიტარული კატასტროფაა. ხდება დეპოპულაცია, იქ მცხოვრები ადამიანების რიცხვი ხუთჯერ, ექვსჯერ იკლებს.

ჩვენ ამ პრობლემასთან გამკლავებას ვცდილობთ. ამ ხალხის მიმართ კანონიერი ვალდებულებაც გაგვაჩნია, რომ ისინი აღარ იტანჯებოდნენ. ეს ადამიანები არიან იძულებით გადაადგილებული პირები რუსეთის ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის გამო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.