დავით ზალკალიანი - მსურს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობისთვის საგარეო უწყება და პირადად მე ვიყო მინისტრი, რომელიც მოიტანს მშვიდობას
დავით ზალკალიანი - მსურს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობისთვის საგარეო უწყება და პირადად მე ვიყო მინისტრი, რომელიც მოიტანს მშვიდობას

მსურს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობისთვის საგარეო უწყება და პირადად მე ვიყო მინისტრი, რომელიც მათ ოჯახებში მოიტანს მშვიდობას და არა შეიარაღებულ კონფრონტაციას, სტაბილურობას და არა ესკალაციის მუდმივ საფრთხეს, გააზრებულ ნაბიჯებს და არა სპონტანურ გადაწყვეტილებებს, შეუქცევად ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„ამისთვის გადავდგამ ყველა საჭირო ნაბიჯს, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, რადგან ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი მოსახლეობის მანდატით და ჩვენს უკან დგას ჩვენი ქვეყანა, რომლისთვისაც ახლა უმთავრესია მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, რაც, როგორც თავად ხედავთ, ასეთი აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველო იმყოფება საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. ზალკალიანის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს დიდი გავლენა აქვს საქართველოზე.

„სწორედ ამ ვითარებაში ხელისუფლებამ მოახერხა და სწორი, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით, მიუხედავად მსოფლიოში არსებული უამრავი ცხელი წერტილისა, საერთაშორისო დღის წესრიგში დააბრუნა საქართველოს საკითხი და იგი აქტუალურია ისეთ საერთაშორისო ტრიბუნებზე, როგორებიცაა გაერო-ს უშიშროების საბჭო, გენერალური ასამბლეა, ადამიანის უფლებათა საბჭო, ეუთო, ევროპის საბჭო, ნატო და ევროკავშირი“,- აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის უმთავრეს მიზნად და იმავდროულად უმთავრეს გამოწვევად რჩება სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა.

„ამ მიზნის მიღწევის გზად ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია მშვიდობიანი, კონსტრუქციული, რაციონალური პოლიტიკა, რაც არის უმთავრესი წინაპირობა ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის, ეს კი არის პირდაპირი გზა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენისათვის”,- განაცხადა მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.