დავით ზალკალიანი - მოლოდინი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს
დავით ზალკალიანი - მოლოდინი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

აუცილებელია,  დადგეს რუსეთის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის  წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივრის შეტანას.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, არის მოლოდინი, რომ სტრასბურგის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„აუცილებელია,  დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც მუდმივად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ადამიანის უფლებების შეზღუდვის კონტექსტში. მოლოდინი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო ყველა პროცედურის დაცვით განიხილავს  სარჩელს და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დავით ზალკანიანმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 21 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი – „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა. უწყების განმარტებით, საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ეს ფაქტები განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში, არჩილ ტატუნაშვილის წამებით მოკვლის დროს.