დავით ზალკალიანი - გვაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებულ ვერსიას მივიღებთ
დავით ზალკალიანი - გვაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებულ ვერსიას მივიღებთ

ერთ-ერთი მთავრი თემა მინისტერიალისთვის იქნება შავი ზღვის უსაფრთხოება რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მოლოდინი აქვთ, რომ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებულ ვერსიას მიიღებენ.

„ვეცდებით, ნატოელ პარტნიორებს ჩვენი გადმოსახედიდან დავანახოთ ჩვენი პოზიცია და ანალიზი რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ასევე დავანახოთ ჩვენი ხედვა გარშემო შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ გარემოებებზე. ჩვენი ხედვა მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება და მომავალშიც ერთობლივად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით თანმიმდევრულ, კოორდინირებულ საქმიანობას. ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელ მინისტერიალზე ჩვენ მივიღებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებულ ვერსიას. ამ პაკეტის განახლებაზე დიდი ხანია, მუშაობა მიმდინარეობს. უელსის სამიტზე ჩვენ მივიღეთ ნატო-საქართველოს პაკეტი, რომელიც 14 ძირითადი მიმართულებისა და პროექტისგან შედგება და ჩვენ კიდევ გავამდიდრებთ ამ ახალ არსებით პაკეტში განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების მიამრთულებით განსახორციელებელ ქმედებებს. ასევე შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვან მიმართულებებზე იქნება საუბარი. უსაფრთხო კომუნიკაცია ერთ-ერთი ახალი განზომილება იქნება ამ განახლებული პაკეტის. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი, რომელიც ჩვენ გვექნება ამ მინისტერიალზე. ეს პაკეტი კიდევ ერთხელ განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ჩვენს მდგრადობას და დაგვაახლოებს ნატოსთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.