დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ასეც იქნება და იმ შემდგომ ტალღაში, რომელიც იქნება დაკავშირებული საზღვრების გახსნასთან, საქართველოც მოხვდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არსებობს და საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში განიხილება.
„რაც შეეხება ფრენებს, საუბარი არ არის იმაზე, რომ ფრენები საერთოდ უქმდება. ეს დეფინიცია საიდან გაჩნდა? ჩვენ ძალიან პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას. ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ წინასწარ დაიწყო ბილეთების შეძენა. იმისთვის, რომ ამ ადამიანებს პრობლემა არ შეჰქმნოდათ, მათ უნდა ჰქონდეთ ძალიან მკაფიოდ ხელისუფლებისგან, მთავრობისგან მინიშნება, თუ რა მდგომარეობაა. ამიტომ, მათ უნდა სცოდნოდათ, რომ რეგულარული ფრენები აღდგება მას შემდეგ, როდესაც ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვრები იხსნება, მაგრამ ფრენები არის“, – განაცხადა ზალკალიანმა.