დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანია, რომ ამ მომენტში ევროპის საბჭო არის ერთსულოვანი და გამოხატავს სოლიდარობას კორონავირუსის გამოწვევასთან ბრძოლის მიმართულებით
დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანია, რომ ამ მომენტში ევროპის საბჭო არის ერთსულოვანი და გამოხატავს სოლიდარობას კორონავირუსის გამოწვევასთან ბრძოლის მიმართულებით

მნიშვნელოვანია, რომ ამ მომენტში ევროპის საბჭო არის ერთსულოვანი და გამოხატავს სოლიდარობას კორონავირუსის გამოწვევასთან ბრძოლის მიმართულებით, – ასე გამოეხმაურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დეკლარაციას.

დეკლარაცია დღეს საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით გამართულ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის ონლაინშეხვედრაზე მიიღეს.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს დაარსებიდან დღემდე, COVID-19-ის პანდემია ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ყველაზე მწვავე კრიზისს და უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს, შესაბამისად, ადამიანების, მათ შორის, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრების ჯანმრთელობის დაცვისთვის, ყველა დონეზე, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს ხელისუფალთა მხრიდან. კომიტეტი მიიჩნევს, რომ სოლიდარობა და თანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის გადამწყვეტია პანდემიასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭო, განვითარების ბანკის (CEB) ჩათვლით, კრიზისის პერიოდში და მის შემდეგაც, წევრი ქვეყნების მხარდაჭერას განაგრძობს.

„საქართველო აგრძელებს თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოში და მიუხედავად გლობალური პანდემიის გამოწვევისა, ჩვენ დღეს განვაახლეთ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომები, რა თქმა უნდა ეს განახლდა დისტანციურ რეჟიმში. ჩვენს ამ ინიციატივას უაღრესად პოზიტიური შეფასებები მოჰყვა ყველა წევრი ქვეყნის მხრიდან და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველივე სხდომაზე იქნა მიღებული მნიშვნელოვანი დოკუმენტი. პირველი დოკუმენტი, რომელსაც მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს ყველა წევრმა ქვეყანამ, არის დაკავშირებული „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ერთობლივ დეკლარაციაზე, სადაც წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ევროპის საბჭოს ძირითად პრინციპებს და ამ პრინციპების თავსებადობას პანდემიასთან ბრძოლის კუთხით და მნიშვნელოვანია, რომ ამ მომენტში ევროპის საბჭო არის ერთსულოვანი და გამოხატავს სოლიდარობას, ამ გამოწვევასთან ბრძოლის მიმართულებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

გარდა ამისა, განხილული იყო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 21-ე კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც აღწერს საანგარიშო პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, რასაც ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული უკანონო ქმედებები იწვევს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, სრულად დაიკეტა ე.წ. გამშვები პუნქტები. ანგარიშთან დაკავშირებით გავრცელდა ევროკავშირის დელეგაციის განცხადება, რომლითაც ის ხაზს უსვამს ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში ამ საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას, შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამო და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უპირობოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი დაშვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ასევე დღევანდელ სხდომაზე იყო განხილული, არის დაკავშირებული საქართველოსთან და კერძოდ, გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან მიმართებაში. ევროპის საბჭო, როგორც ცნობილია, წელიწადში ორჯერ განიხილავს მსგავს ანგარიშს და იმ დროს, როდესაც ძირითადი აქცენტი მსოფლიოში არის გაკეთებული პანდემიასთან ბრძოლის საკითხებზე, ამ დროს საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს საკითხი არ არის დავიწყებული მსოფლიო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ის მხარდაჭერა, რომელიც დღევანდელი განხილვის დროს მოიპოვა საქართველომ, ადასტურებს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეუქცევადი მხარდაჭერა. ეს გამოიხატა ასევე ერთობლივ განცხადებებში, მხარდამჭერ გამოსვლებში, რომელიც გაკეთდა პირველ რიგში ევროკავშირის სახელით. ასოცირებული ქვეყნები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომის აუცილებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დღესვე მიიღეს გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130–ე შეხვედრის გამართვის თარიღისა და ადგილის ცვლილებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების თანახმად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130–ე შეხვედრა (მინისტერიალი), რომელიც უნდა ჩატარებულიყო საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2020 წლის 15 მაისს სტრასბურგში, გაიმართება 2020 წლის 4 ნოემბერს, ათენში, საბერძნეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში.

„როგორც მოგეხსენებათ, „კოვიდ-19“-მა ძალიან სერიოზული ცვლილებები შეიტანა მინისტერიალის განრიგთან მიმართებაში. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მაისში მინისტერიალი აღარ ჩატარდება და მიმდინარე წლის ნოემბერში, უკვე საბერძნეთის თავმჯდომარეობის პირობებში განახლდება მინისტერიალი. ჩვენ ძალიან გული გვწყდება, რომ პანდემიის გამო, საქართველომ ვერ შეძლო სრული მასშტაბით იმ ინიციატივების იმპლემენტაცია, რომლიც ჩვენ გვქონდა წარდგენილი ევროპის საბჭოს წინაშე და ეს ინიციატივები იყო აღიარებული, როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი, ინოვაციური, ასევე ბევრმა ქვეყანამ მას რევოლუციურიც კი უწოდა და იმისთვის, რომ ეს ინიციატივები არ დაიკარგოს, ბუნებრივია, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ მომავალ თავმჯდომარესთან, საბერძნეთთან და ჩვენ ვეცდებით, რომ უკვე საბერძნეთის თავმჯდომარეობის პირობებში ჩვენი ინიციატივებიც იყოს განხორციელებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.