დავით ზალკალიანი - მივესალმებით საქართველოში შარლ მიშელის კიდევ ერთ ვიზიტს  და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ პირადად მის მიმართ
დავით ზალკალიანი - მივესალმებით საქართველოში შარლ მიშელის კიდევ ერთ ვიზიტს  და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ პირადად მის მიმართ

მივესალმებით საქართველოში შარლ მიშელის კიდევ ერთ ვიზიტს  და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ პირადად მის მიმართ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მან პრეზიდენტ მიშელსა და მის გუნდს მადლობა გადაუხადა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების პროცესში მონაწილეობისთვის.

„მივესალმებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კიდევ ერთ ვიზიტს საქართველოში და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ პირადად მის მიმართ და მისი გუნდის მიმართ, რომელიც ჩართული იყო ქვეყანაში კრიზისის მოგვარების პროცესში. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რაოდენ მაღალი ადგილი უჭირავს საქართველოს ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში და თავად ის ფაქტი, რომ დღეს ის კვლავ საქართველოში სტუმრობს მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირი უაღრესად არის დაინტერესებული საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციაში, ქვეყნის განვითარებასა და საქართველოს ევროპული კურსის შეუქცევადობაში. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. დღევანდელი დღე არის ქვეყნის დემოკრატიის გამარჯვება, რაც დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას და ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მკაფიო, თამამი ნაბიჯებით გავაგრძელებთ წინსვლას, რათა ჩვენი ამბიციური გეგმა 2024 წელს განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით, ევროკავშირში იყოს რეალიზებული“, – განაცხადა ზალკალიანმა.