დავით ზალკალიანი - მინდა, ინაუგურაციისთვის ჩამოსული ყველა სტუმრის მიმართ მადლიერება გამოვხატო
დავით ზალკალიანი - მინდა, ინაუგურაციისთვის ჩამოსული ყველა სტუმრის მიმართ მადლიერება გამოვხატო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას 60-მდე ქვეყნის 170 წარმომადგენელი ესწრება.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დააგზავნა მოსაწვევები, რათა რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად უზრუნველყოფილიყო მაღალი დონის სტუმრების ჩამოსვლა.

„მინდა, მადლობა ვთქვა ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც მოავლინა სტუმრები საქართველოში. 60-მდე ქვეყნის 170 წარმომადგენელი მონაწილეობს ინაუგურაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მსოფლიოში ძალიან დიდი პროცესები მიმდინარეობს. ძალიან დიდი შეკრებები იმართება პარალელურად, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი მიმდინარეობდა და ყველამ, ვინც გამონახა შესაძლებლობა და საქართველოს ეწვია, მინდა, ყველას მიმართ მადლიერება გამოვხატო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველომ მიიღო თითქმის ყველა პრეზიდენტის მილოცვა და საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიებს პოზიტიური შეფასებები აქვთ.

„მოგეხსენებათ, ეუთო-ს მინისტერიალზე მივიღეთ თითქმის ყველა პრეზიდენტის მილოცვა. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასებები სადამკვირვებლო მისიების, ეუთო-ს, ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასება, სადაც მკაფიოდ არის შეფასებული, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ, თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში. იყო ხარვეზები, ამას ვაცნობიერებთ და ვაცხადებთ ყველა დონეზე, რომ აუცილებელია ამ რეკომენდაციებზე მუშაობა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.