დავით ზალკალიანი - მიმდინარე ოკუპაციის პროცესი და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები უსერიოზულესი გამოწვევაა
დავით ზალკალიანი - მიმდინარე ოკუპაციის პროცესი და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები უსერიოზულესი გამოწვევაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დეპუტატების წინაშე საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე საუბრობს.

„ჩვენი საგარეო პრიორიტეტები არის უცვლელი, რაც ასევე არის ასახული ჩვენი ქვეყნის მთავარ დოკუმენტში, კონსტიტუციაში, პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც საგარეო პოლიტიკურს პრიორიტეტებს ასახავს და ჩვენ, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თანმიმდევრულად ვასრულებთ იმ მიმართულებებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაციასთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ყველამ კარგად იცის რაოდენ რთულ საერთაშორისო გარემოში უწევს საქართველოს საკუთარი ამოცანის შესრულება.

„ის მწვავე ამოცანები,რომელიც რეგიონში ჩვენს გარშემო არსებობს და ის მიმდინარე ოკუპაციის პროცესი და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, მართლაც უსერიოზულესი გამოწვევაა და ამას სჭირდება სერიოზული კონსოლიდაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ამას სჭირდება საერთო პოზიცია შიდა პოლიტიკურ სპექტრში, ასევე სჭირდება თანმიმდევრული მუშაობა ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან და მოგეხსენებათ, მათ გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ამ გამოწვევებთან გამკლავება, აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი საერთაშორისო პრიორიტეტი სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საგარეო სტრატეგიასთან ერთად არის დამტკიცებული სამოქმედო გეგმა.

„ჩვენ თანმიმდევრულად, მთელი წლის განმავლობაში მივყვებოდით სამოქმედო გეგმას და ჩვენ შორის, პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა იქნება გადამწყვეტი, რადგანაც ერთობლივი საქმიანობით, კოორდინირებული მუშაობით აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, ჩვენი მხარდამჭერების გაძლიერება და რაც შეიძლება, საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მსოფლიო თანამეგობრობის დღის წესრიგში“, – განაცხადა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დავით ზალკალიანმა.

კომიტეტის სხდომას პროტესტის ნიშნად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ესწრებიან.