დავით ზალკალიანი - მიხეილ სააკაშვილმა განსაცვიფრებელი განცხადებები გააკეთა, კრიტიკული გამონათქვამები მათ მიმართ, ვისი იმედიც გვაქვს, კარდინალურად არასწორია
დავით ზალკალიანი - მიხეილ სააკაშვილმა განსაცვიფრებელი განცხადებები გააკეთა, კრიტიკული გამონათქვამები მათ მიმართ, ვისი იმედიც გვაქვს, კარდინალურად არასწორია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან (IWPR) ინტერვიუში ურთიერთგამომრიცხავი და განსაცვიფრებელი განცხადებები გააკეთა.

მისი თქმით, მსგავსი კრიტიკული გამონათქვამები დასავლელი პარტნიორების მიმართ კარდინალურად არასწორია.

„ძალიან ურთიერთგამომრიცხავი და განსაცვიფრებელი განცხადებები მოვისმინეთ იმ ინტერვიუში. რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არის ის მნიშვნელოვანი ჯგუფი ქვეყნებისა, რომელიც გვეხმარება სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაში. ასეთი კრიტიკული გამონათქვამები მათ მიმართ, ვისი იმედიც უნდა გვქონდეს ჩვენ და ვისი იმედიც გვაქვს ამ პრობლემების მოგვარებაში, ვფიქრობ, კარდინალურად არასწორია“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დაჯილდოებისას მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიც გაიხსენა.

„ჩვენ გვახსოვს ასევე ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები იგივე პრეზიდენტ სარკოზის მიმართ დაჯილდოების ცერემონიალის დროს, როდესაც პრეზიდენტი სარკოზის მიმართ მან არ დაიშურა საქებარი სიტყვა და ვეთანხმები ამ პოზიტიურ შეფასებაში საფრანგეთის როლის. 2008 წელს სწორედ მათი მედიაციის საშუალებით და პრეზიდენტი სარკოზის მედიაციის შედეგად მოხდა ცეცხლის შეწყვეტა. განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, რადიკალურად განსხვავდებოდა მის შეფასებებთან. ამიტომ საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, სად არის სიმართლე“, – აღნიშნავს მინისტრი.

ამასთან, დავით ზალკალიანი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მიუღებელი იყო სტრატეგიული პარტნიორის შესახებ გაკეთებული განცხადებებიც.

„ძალიან დამაფიქრებელი იყო მისი კრიტიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ს მიმართ, აშშ-ის მაშინდელი ხელმძღვანელობის მიმართ. აშშ ყოველთვის, 90-იანი წლებიდან დაწყებული, შემდგომ უკვე 2008 წლის ომის მიმდინარეობის პერიოდში და შემდეგაც არის საქართველოს მთავარი მხარდამჭერი ბრძოლაში, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ვფიქრობ, ასეთი სახის რიტორიკა კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნავს დავით ზალკალიანი.