დავით ზალკალიანი - „მეტი მეტისთვის“, ქვეყნები, რომლებიც ბევრს აკეთებენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, იმსახურებენ მეტ მხარდაჭერას
დავით ზალკალიანი - „მეტი მეტისთვის“, ქვეყნები, რომლებიც ბევრს აკეთებენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, იმსახურებენ მეტ მხარდაჭერას

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ტელევიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტერიალს უძღვებოდა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ასევე მასში მონაწილეობდნენ ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

„შეხევდრაზე არაერთხელ გაესვა ხაზი, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არის სტრატეგიული პროექტი და რომ ევროკავშირის ინტერესი რეგიონის მიმართ არის ურყევი. ყველა მონაწილის მხრიდან გამოითქვა მზაობა მეტი თანამშრომლობისთვის, რათა პროექტი უფრო წარმატებული, ამბიციური და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული იყოს.

განხილული იქნა პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის მიმდინარე დინამიკა და 2020 წლის შემდგომი პერიოდის პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე, „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეულ კრიზისი და მასთან ბრძოლის გზები“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ „აღმოსავლეთ პარტნირობას“ სჭირდება მეტი პოლიტიკური ამბიცია და პრაქტიკული მიზნები, დიფერენციაციის პრინციპზე და თითოეულ პარტნიორ ქვეყენაზე მორგებული მიდგომა. მინისტრმა ასევე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ინტერესს, გააღრმავოს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა და იმედი გამოვთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იქნება პარტნიორების ევროკავშირის ერთიან ბაზარში თანმიმდევრული და მაქსიმალურად შესაძლებელი ხარისხით ინტეგრაციისკენ.

„ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატთან დაკავშირებით. ჩვენი პრიორიტეტები გახლავთ, რომ უახლოესი სამიტის დოკუმენტში აუცილებლად იყოს ასახული საქართველოს ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი. ასევე დიფერენცირებული მიდგომის პრინციპი – „მეტი მეტისთვის“. ქვეყნები, რომლებიც უფრო მეტს აკეთებენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ბუნებრივია, იმსახურებენ მეტ მხარდაჭერას ევროკავშირის მხრიდან. საუბარი ასევე შეეხო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნებისთვის ერთიანი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნის საკითხს“, – აღნიშნა ზალკალიანმა მინისტერიალის კომენტირებისას.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს ინტერესს, გააღრმავოს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა და იმედი გამოვთქა, რომ ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იქნება პარტნიორების ევროკავშირის ერთიან ბაზარში თანმიმდევრული და მაქსიმალურად შესაძლებელი ხარისხით ინტეგრაციისკენ.

მინისტრის გამოსვლაში ასევე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და კორონავირუსის პანდემიის დროს რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გააქტიურებასა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედებით ლუგარის ლაბორატორიაზე მიტანილ დეზინფორმაციულ იერიშზე.

„აუცილებელია ევროკავშირის კიდევ უფრო მეტი ჩართულობა და ევროკავშირის დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციის მუდმივი მონიტორინგი და მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება“, – განაცხადა მინისტრმა მინისტრიალის კომენტირებისას.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტერიალზე ასევე განიხილეს ევროკავშირის დახმარების ახალი შესაძლებლობები და საჭიროებები. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ ვითარებასთან გამკლავების პერიოდში სოლიდარობისა და ჩართულობისთვის.

„საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია ერთგვარი მოსამზადებელი შეხვედრა იყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ლიდერთა ტელევიდეოკონფერენციისთვის, რომელიც 18 ივნისს გაიმართება. ამ შეხვედრაზე ჩვენთვის პრიორიტეტული თემების კიდევ ერთხელ განხილვის შესაძლებლობა მოგვეცემა, ამჯერად, ქვეყნების მეთაურების დონეზე“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.