დავით ზალკალიანი - მერწმუნეთ, სანქციებზე საუბარი არ არის და არც იქნება, ყველაფერი გაკეთდება, რათა აშშ-საქართველოს ურთიერთობას საფრთხე არ დაემუქროს
დავით ზალკალიანი - მერწმუნეთ, სანქციებზე საუბარი არ არის და არც იქნება, ყველაფერი გაკეთდება, რათა აშშ-საქართველოს ურთიერთობას საფრთხე არ დაემუქროს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტეხასის შტატის კონგრესმენის წერილზე საუბრისას აცხადებს, რომ რენდი უებერის გამოხმაურება „ფრონტერას“ საქმეს უკავშირდება.

ზალკალიანის თქმით, „ფრონტერასთან“ დაკავშირებით საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარეობს დავა და ყოველგვარი სპეკულაციები მიუღებელია.

„ველოდებით სტოქჰოლმის საარბიტრაჟო საამართლოს გადაწყვეტილებას და ვიმოქმედებთ იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რასაც მიიღებს სტოქჰოლმი“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანი ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია საქართველოში ამერიკული ბიზნესის შევიწროვების შესახებ.

ამასთან, ზალკალიანის განცხადებით, არავითარი სანქციები მოსალოდნელი არ არის და ყველაფერი გაკეთდება, რათა მომავალში აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს.

„რაც შეეხება ამერიკული ბიზნესის შევიწროებას, ეს არის აბსოლუტური სიცრუე, არანაირ რეალობას არ შეესაბამება. 270-ზე მეტი ამერიკული კომპანია არის საქართველოში დარეგისტრირებული, არც ერთი კომპანიის მხრიდან მსგავსი სახის პრეტენზიები არ არსებობს. პირიქით, ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვსაუბრობთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების იმ დონეზე აყვანაზე, რა ურთიერთობაც გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ვსაუბრობთ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების გახსნის პერსპექტივაზე. ამიტომ მერწმუნეთ, რომ არანაირ სანქციებზე საუბარი არ არის, არც იქნება მომავალში და ყველაფერი გაკეთდება, რათა მომავალში ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.