დავით ზალკალიანი - მედიკოსები თავიანთი თავგანწირვით იმედს აღვივებენ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სხვადასხვა საშიშ დაავადებას ებრძვიან
დავით ზალკალიანი - მედიკოსები თავიანთი თავგანწირვით იმედს აღვივებენ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სხვადასხვა საშიშ დაავადებას ებრძვიან

კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვალთ, ჩვენი მიზანი ხომ უფრო ჯანმრთელი, უფრო უსაფრთხო, უფრო ერთიანი და სოლიდარული მსოფლიოა, – აცხადებს დავით ზალკალიანი, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ეხმაურება.

მინისტრის თქმით, დღეს მედიცინის სფეროს თანამშრომლები თავიანთი თავდაუზოგავი შრომითა და თავგანწირვით იმედს აღვივებენ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სხვადასხვა საშიშ დაავადებას ებრძვიან.

„დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა, რომელიც ამავე დროს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაბადების დღეცაა – ორგანიზაციის, რომელიც 72 წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების შეთავაზების მისიით შეიქმნა.

დღევანდელი დღე ჩვენთვის კარგი მიზეზი და კიდევ ერთი შესაძლებლობაა იმაზე დასაფიქრებლად, თუ რამდენად ფასდაუდებელი სიმდიდრეა ჯანმრთელობა თითოეული ჩვენგანისთვის და რამდენად მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მსოფლიომ უკეთესი ჯანდაცვის სისტემების შექმნის კუთხით და კიდევ რა გამოწვევებისა და დაბრკოლებების დაძლევა უწევს მას ამ გზაზე.

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილმა კრიზისმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ ჯანმრთელობა უპირველესი პრიორიტეტია ადამიანისთვის, რადგან კარგი ჯანმრთელობის შემთხვევაში, ყველაფერი შესაძლებელია, მის გარეშე კი – თითქმის არაფერი. სწორედ კარგი ჯანმრთელობა არის გასაღები თითოეული ჩვენგანის პოტენციალის რეალიზებისთვის, ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისა და ქვეყნების მდგრადი განვითარებისთვის.

დღეს ჩვენი ფიქრები გამუდმებით დასტრიალებს ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სამედიცინო მუშაკებს, რომლებიც თავიანთი თავდაუზოგავი შრომითა და თავგანწირვით იმედს აღვივებენ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სხვადასხვა საშიშ დაავადებას ებრძვიან. მჯერა, რომ მათი ძალისხმევით და ჩვენი მხარდაჭერითა და სოლიდარობით, ჩვენ ამ კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვალთ, ჩვენი მიზანი ხომ უფრო ჯანმრთელი, უფრო უსაფრთხო, უფრო ერთიანი და სოლიდარული მსოფლიოა“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.