დავით ზალკალიანი - მეამაყება, რომ ასოცირების შეთანხმება ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია
დავით ზალკალიანი - მეამაყება, რომ ასოცირების შეთანხმება ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

მეამაყება, რომ ასოცირების შეთანხმება ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან ექვს წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება, რომელიც საქართველოს ევროპეიზაციის პროცესს შეუქცევადს ხდის, არის მნიშვნელოვანი შედეგი და მემკვიდრეობა, რომელსაც ეს ხელისუფლება დატოვებს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. გამომდინარე იქიდან, რომ გახლდით ასოცირების შეთანხმების მთავარი მომლაპარაკებელი. ის შეთანხმება, რომელიც საქართველოს ევროპეიზაციის პროცესს შეუქცევადს ხდის და მოაქცევს სავალდებულო იურიდიულ ჩარჩოებში, არის მართლაც მნიშვნელოვანი შედეგი და მემკვიდრეობა, რომელსაც ეს ხელისუფლება დატოვებს. მეამაყება, რომ ასოცირების შეთანხმება ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამ მიმართულებით ხვალინდელი დღე მართლაც მნიშვნელოვანია და ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას განვლილი ექვსი წელი შევაფასოთ, რა კონკრეტული შედეგები იქნა მიღწეული. ასოცირების შეთანხმება არის ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს არის ზუსტად ის კონკრეტული მიმართულებები, რითაც ჩვენ იმ სიკეთეებს ვუზიარებთ საზოგადოებას და ხელშესახები შედეგებით კიდევ უფრო ვაახლოებთ დღეს, როდესაც საქართველო საბოლოოდ გაწევრიანდება ევროკავშირში. ასოცირების შეთანხმება არის კიდევ მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იმის, რომ ეს ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება ასევე ასახულია ჩვენს ძირითად დოკუმენტში, ჩვენს კონსტიტუციაში და ჩვენს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში. ეს ჩარჩო შეთანხმება ჩვენ კიდევ უფრო დააგვაახლოებს ევროკაშირში გაწევრიანებასთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.