დავით ზალკალიანი - მამუკა ბახტაძის გამოსვლაში იყო უმწვავესი განცხადებები რუსეთზე, ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი
დავით ზალკალიანი - მამუკა ბახტაძის გამოსვლაში იყო უმწვავესი განცხადებები რუსეთზე, ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი

პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში იყო უმწვავესი, ძალიან მკაფიო განცხადებები და ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

ამ განცხადებით დავით ზალკალიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეიძლებოდა თუ არა, დღეს საქართველოს მთავრობის მეთაური რუსეთზე საუბრის დროს უფრო მწვავე ყოფილიყო და მისი ტონი უფრო მკაცრი, რადგან როგორც პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, დღეს, რუსეთთან მიმართებაში, საჭირო იყო იმავე სანქციების ხსენება.

„საქართველოს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი არ ერიდება ამ თემაზე განსაკუთრებული სიმწვავით საუბარს. ეს რომ ასეა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებში, დეკლარაციებსა თუ გამოხმაურებებშია ასახული“, – განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა იმაზე, თუ რა უკანონო ქმედებებს ჩადის რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორ ხდება იქ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა და ეთნიკურ ნიადაგზე საქართველოს მოსახლეობის, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია, კერძოდ, გალის რაიონში.

„მან ასევე ისაუბრა იმ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, რაც გამოხატულია მოსახლეობის მნიშვნელოვანი შემცირებით; ისაუბრა იმ გამალებულ მილიტარიზაციაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს; ისაუბრა უკანონო დაკავებებსა და მკვლელობებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ეთნიკური ქართველების მიმართ; ახსენა ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ბაშარული, ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავება, რასაც შედეგად მოჰყვა გაურკვეველ ვითარებაში მისი გარდაცვალება“, – განაცხადა ზალკალიანმა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდეს, რათა მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენცია მოხდეს, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ 2012 წლამდე, საქართველოს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში არც ერთხელ არ ყოფილა განხილული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი მაქსიმალურად გამოიყენა შესაძლებლობა და ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, საკითხი ოთხჯერ იყო დაყენებული განსაკუთრებული სიმწვავით.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტრიბუნა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს. ეუთო-ს შესაბამის დეკლარაციებში, გადაწყვეტილებებში, განცხადებებში, საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებში, აშშ-ის საკანონმდებლო აქტებში პირდაპირ არის ასახული ტერმინი – ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული შესაბამისი სანქციები არაღიარების პოლიტიკის კუთხით და იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებას შეეცდებიან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ყველა წინსვლის მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ვიმყოფებით ადამიანის უფლებების სფეროში არსებული გამოწვევების წინაშე”.

დატოვე კომენტარი