დავით ზალკალიანი - მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტისას განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება
დავით ზალკალიანი - მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტისას განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის არჩევიდან უაღრესად მოკლე პერიოდში ხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ვაშინგტონში მყოფი დავით ზალკანიანი აღნიშნავს, რომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების ყველა მნიშვნელოვანი საკითხები. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ქართულ დელეგაციას შეხვედრები ექნება ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან. დავით ზალკალიანის განცხადებით, შეხვედრებზე განსახილველი თემები რეგიონში არსებული გამოწვევები, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან დროული ვიზიტია. მნიშვნელოვანია, ასევე აღინიშნოს, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინ იმართება. ჩვენ გვექნება შეხვედრები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირთან. იქნება შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, ასევე სახელმწიფო მდივანთან. გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ასევე ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან. ეს ვიზიტი ასევე იქნება მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისითაც, რომ განხილული იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, ისე ეკონომიკური მიმართულებით თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის განვითარების კუთხით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვისაუბრებთ რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე. იმ გამოწვევებზე, რაც რეგიონში არსებობს. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული უმწვავესი გეოპოლიტიკური პროცესების მოწესრიგების საქმეში და ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს როლსაც და ადგილსაც ვხედავთ ამ მიმართულებით და აუცილებელია, რომ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გვქონდეს ყველა ამ საკითხზე ძალიან ახლო კოორდინაცია და თანამშრომლობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს დღეს დაიწყებს.