დავით ზალკალიანი - მამუკა ბახტაძეს ევროპელი დეპუტატების ყველა კითხვაზე ძალიან მკაფიო, ზუსტი პასუხები ჰქონდა
დავით ზალკალიანი - მამუკა ბახტაძეს ევროპელი დეპუტატების ყველა კითხვაზე ძალიან მკაფიო, ზუსტი პასუხები ჰქონდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გაექცა არც ერთ კითხვას და ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მამუკა ბახტაძის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„იმ საკითხებზე, რომელიც დასმული იყო, ყველაზე ზუსტი პასუხი გაიცა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა პრობლემა ის, რომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან ოცი წლისთავზე, ევროპელი დეპუტატების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისევ ისმის შეკითხვები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ფორმატი ჩვეულებრივი, პოლიტიკური დებატების ფორმატია და მთავარი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება მსგავს დებატებს არ გაურბის.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ფორმატი არის ჩვეულებრივი ფორმატი, რომელიც ევროპის საბჭოს ნებისმიერი წევრი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიზიტის დროს მიღებული პრაქტიკაა. ეს არის პოლიტიკური დებატების ფორმატი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ევროპის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრები. მათ თავიანთი ინტერესი და მიდგომა აქვთ ევროპის საბჭოს თუ ევროკავშირის ამა თუ იმ წევრ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. მთავარი ის არის, რომ ჩვენ მსგავს დებატებს არ გავურბივართ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, მსგავსი სახის შეკითხვები, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუსვეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართაც გაისმის, რადგან ეს არის ორგანიზაცია და მისი ეს ფორმატი, რომელიც პოლიტიკურ დებატებს ითვალისწინებს, სწორედ მსგავსი სახის ურთიერთობების ფორმატია. 

„აქ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ეს ჩვეულებრივი დებატებია და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს ყველა კითხვაზე ძალიან მკაფიო, ზუსტი პასუხები ჰქონდა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად დამაკმაყოფილებელი და ამომწურავი იყო ეს პასუხები თავად კითხვების ავტორებისთვის და შემდგომ, ჰქონდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია ევროპელ დეპუტატებთან, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მათთან კომუნიკაცია შედგა და ეს კომუნიკაცია მომავალშიც იქნება.