დავით ზალკალიანი მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს ღიმილისმომგვრელსა და არასერიოზულს უწოდებს
ღიმილისმომგვრელია, არასერიოზულია. არც კი ვაპირებ ამაზე სერიოზული პასუხი გავცე ოპონენტებს, რადგან ეს არის გაუთვითცნობიერებლობა და არცონდა საერთაშორისო ურთიერთობების, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებული შეფასებების კომენტირებისას განაცხადა.
„მეორე მხარე, ვიცი, რომ მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილება აქვს და ამას კვლავ იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის და მანიპულაციებისთვის. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში ისინი დაკარგულნი არიან თარგმანში, თანმიმდევრულობაში, განცხადებებში, ლოგიკაში. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გამოიყენო შიდა პოლიტიკური ინტერესებისთვის. აქ უმთავრესი გზავნილი არის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა, საქართველოს სტაბილურობის, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა. რეგიონში ჩვენი როლის, როგორც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის მხარდაჭერა. ეს არის ვიზიტის მთავარი გზავნილი და არა ის, რაზეც ოპონენტები საუბრობენ“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, „ოპონენტებმა, როგორც ჩანს, ვერ გაიგეს ან არ უნდათ გაგება იმ განცხადებების, რომელიც უკვე გაჟღერდა“.
„ძალიან კარგად იციან, რომ აშშ-ის და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ძალიან მკაფიოდ იყო გაცხადებული იმ მრავალფეროვან განცხადებებში, რომელიც გაკეთდა. აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელიც გავრცელდა არჩევნების შემდეგ, ეს ხომ არის აშშ-ის მთავრობის პოზიცია. რა განსხვავებულ გზავნილს ელოდებიან ისინი სახელმწიფო მდივნისგან. ელჩი აჟღერებს აშშ-ის პოზიციას, კარგად წაიკითხონ ეს განცხადება. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სტაბილურობას, ქვეყნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას. ეს არის მთავარი გზავნილი და უმჯობესია, ისინი დროულად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, დავით ზალკალიანის განცხადებით, „აშშ მხარს უჭერს საქართველოს, ქვეყნის სტაბილურობას და იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს“.
„მათი შეფასებები არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულია, რაც არის ძალიან მკაფიოდ ასახული აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. პირდაპირ არის იქ ნათქვამი, გამეორებულია ეუთო/ოდირის დასკვნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ყველა ფუნდამენტური თავისუფლება. ეს არის მათი პოზიცია, მოწოდება, რომ პროცესები გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში. ეს არის მთავარი მოწოდება. ეს ვიზიტი არის ქვეყნის მხარდაჭერა, საქართველოს მხარდაჭერა იმ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში, რომელიც შექმნილია. ჩვენ ძალიან ჩავიკეტეთ. მხოლოდ ქვეყნის შიგნით პროცესების შეფასებით ვართ დაკავებული, მაშინ როდესაც ასეთი რთული, გეოპოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას მთელი რეგიონი. ამიტომ, ძალიან ვთხოვ საზოგადოებას, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქცენტები, შეფასება და ფოკუსი მოხდეს ამ განზომილებაზე. საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ზუსტად ამ დროს აშშ-ის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და ეს ვიზიტი სწორედ ამ მხარდაჭერის ტოლფასი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.