დავით ზალკალიანი - მაიკ პომპეოს ვიზიტის შედეგად სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად უფრო მაღალ დონეზე გადავა, ყველა ძირითადი მიმართულებით
დავით ზალკალიანი - მაიკ პომპეოს ვიზიტის შედეგად სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად უფრო მაღალ დონეზე გადავა, ყველა ძირითადი მიმართულებით

თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი იმართება, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის – გამომდინარე იქიდან, თუ რაოდენ სერიოზული გეოპოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ჩვენს სამეზობლოში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, ვიზიტის შედეგად სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად უფრო მაღალ დონეზე გადავა, ყველა ძირითადი მიმართულებით.

„ვფიქრობ,  ეს ვიზიტი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული ხაზგასმა მოხდეს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ საქართველო არის ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირე და მთავარი დასაყრდენი. დარწმუნებული ვარ, ვიზიტის შედეგად ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავა, ყველა ძირითადი მიმართულებით, თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური განზომილების თვალსაზრისით. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია და ამ ვიზიტის დროსაც, ასევე ვიზიტის შემდეგაც მოგვეცემა იმისი შესაძლებლობა, ვთქვათ, რომ ჩვენი სურვილია, საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ავიდეს იმ დონეზე, რა დონეზეც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ეს ორი ძირითადი მიმართულება მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს ჩვენს მდგრადობას, გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს, გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რომელიც არის შექმნილი რეგიონში და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ყველა სხვა მიმართულებითაც ურთიერთობის გაძლიერება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.