დავით ზალკალიანი - მაიკ პომპეოს ვიზიტი მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს, უნდა ველოდოთ აშშ-ის მეტ ჩართულობას, მეტ აქცენტებს საქართველოსთან მიმართებით
დავით ზალკალიანი - მაიკ პომპეოს ვიზიტი მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს, უნდა ველოდოთ აშშ-ის მეტ ჩართულობას, მეტ აქცენტებს საქართველოსთან მიმართებით

მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შინაარსი, განხილული თემები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ უნდა ველოდოთ აშშ-ის მეტ ჩართულობას, მეტ აქცენტებს რეგიონთან, საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ძალიან შინაარსიანი და საგნობრივი საუბარი იყო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე. მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში. მხედველობაშია სწორედ აშშ-ის მეტი ყოფნა საქართველოში ყველა მიმართულებით, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური მიმართულებით, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ეს შეხვედრა ჩვენ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

„საგნობრივი, დეტალური საუბარი იყო უსაფრთხოების იმ სერიოზულ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს წინაშეა. რეგიონში შექმნილი სიტუაცია იყო განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ვთანხმდებით, რომ საქართველოს, რა თქმა უნდა, ამერიკის გარეშე ძალიან გაუჭირდება ამ გამოწვევებთან გამკლავება, ამიტომ მათი მხრიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან არის სრული მზაობა, რომ ის პარტნიორობა, სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც მართლაც უმაღლეს ნიშნულზეა, მაგრამ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ ეს თანამშრომლობა განვითარდეს, თვისობრივად ახალ დონეზე ავიდეს და დღეს ჩვენ დავინახეთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან ამის მზაობა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა დროის თვალსაზრისითაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შინაარსი, განხილული თემები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ მომავალში უნდა ველოდეთ ამერიკის მეტ ჩართულობას, მეტ აქცენტებს რეგიონთან მიმართებით, საქართველოსთან მიმართებით, რადგანაც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე, სანდო პარტნიორი, დასაყრდენი. ვფიქრობ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია და ეს ვიზიტი მომავალში კიდევ მოგვცემს მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მაიკ პომპეოს შეხვედრა გიორგი გახარიასა და დავით ზალკალიანთან მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს დილით ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ამ წუთებში კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს​ ხვდება. მაიკ პომპეო დღესვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს და ისრაელში გაემგზავრება.