დავით ზალკალიანი - მაიკ პომპეოს ინიციატივით, საქართველო მეორედ მიიღებს მონაწილეობას ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში
დავით ზალკალიანი - მაიკ პომპეოს ინიციატივით, საქართველო მეორედ მიიღებს მონაწილეობას ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში

მომავალ კვირას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ საქართველოს დელეგაციის ნიუ იორკში ​ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

​მისი თქმით, გენერალური ასამბლეის სხდომაზე, მაღალი დონის დებატებზე პრეზიდენტი სიტყვით გამოვა.

დავით ზალკალიანის თქმით, დაგეგმილია მრავალი პარალელური ღონისძიება, მათ შორის არის საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ მაღალი დონის შეხვედრა და მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი, რომელიც ასევე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება.

„მექნება საშუალება, მივიღო მონაწილეობა მინისტერიალზე და მათ შორის ევროკავშირის ინიციატივით ე.წ. Good Human Rights Stories მაღალი დონის ღონისძიებაზე. ეს ღონისძიება ეთმობა წარმატებული ქვეყნების მაგალითს, რომელთაც აქვთ ხელშესახები შედეგები დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა კუთხის თვალსაზრისით. მსგავსი სახის ღონისძიებაზე გასულ წელს საქართველო აღიარეს როგორც ლიდერი ქვეყანა. წელსაც გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ 13 ქვეყანას შორის ჩვენი რეფორმების შესახებ.

ასევე, უკვე მეორედ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ინიციატივით მონაწილეობას მივიღებთ ტრანსატლანტიკურ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მეორე წელია, რაც საქართველოს ოფიციალურად იწვევენ ამ ღონისძიებაზე და ეს არის კიდევ ერთხელ ჩვენი ევროატლანტიკური პარტნიორების მხრიდან საქართველოს აღიარება როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყნის. ბუნებრივია, მექნება შესაძლებლობა, ნატო-ს წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან განვიხილო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მნიშვნელოვანი პროგრესი და ვისაუბრო იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს ევროატლანტიკურ არეალში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს დელეგაცია გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს შევხდება. მისი თქმით, საქართველო მონაწილეობას მიიღებს ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულების კონფერენციაში, „ბისეკისა“ და სუამ-ის მინისტერიალში.

„ამასთან, მე და პრეზიდენტს გვექნება მრავალი ორმხრივი შეხვედრა გენერალური ასამბლეის ფორმატში, რომელსაც როგორც წესი იმისთვის ვიყენებთ, რომ რაც შეიძლება ხშირად შევხვდეთ პარტნიორი ქვეყნების, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს, რათა ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები იყოს აქტუალური საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.