დავით ზალკალიანი ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს
დავით ზალკალიანი ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს.

შეხვედრა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინისა და ევროკომისრის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანის მონაწილეობით გაიმართება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები ყურადღებას გაამახვილებენ 2017 წლის 24 ნოემბერს ქალაქ ბრიუსელში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შემდგომ მიღწეულ შედეგებზე.

ამასთანავე, იმსჯელებენ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავების გზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე,
მინისტერიალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მინისტრის ორმხრივი შეხვედრები, ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან.

2018 წლის 16 ოქტომბერს, ბრიუსელში შედგება საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სამუშაო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტარებთან.

საქართველოს ელჩის ნატა საბანაძის განცხადებით, მინისტერიალზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის 10 წლის საიუბილეო თარიღს, რომელიც მომავალ წელს აღინიშნება. მისივე ინფორმაციით, ამ კუთხით ასევე წარიმართება მსჯელობა ამ ინიციატივის სამომავლო განვითარების ტენდენციებზე.