დავით ზალკალიანი - ლოიდ ოსტინის ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, აშშ-ის მხარდაჭერა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში
დავით ზალკალიანი - ლოიდ ოსტინის ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, აშშ-ის მხარდაჭერა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი ურყევ მხარდაჭერას.

„უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტია გამომდინარე იქიდან, რომ ის ტარდება ისეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც ძალიან სწრაფად იცვლება რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაცია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი, იმ სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმაა, რაც ასე რიგად ვითარდება ყოველწლიურად და ახალ დონეზე გადადის“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა იყო უპრეცედენტო და საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ავღანეთში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ოპერაციაში.

„ჩვენი თანამშრომლობა, როგორც შეიარაღებული ძალების გამოყვანის პროცესში, ისე ჰუმანიტარული მისიის პროცესში იყო უპრეცედენტო და დღეს თავდაცვის მინისტრმა საკუთარი მადლიერება გამოხატა ამ მხარდაჭერისთვის, იმ გლობალური წვლილისთვის, რომელიც საქართველომ შეიტანა ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ასევე აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში.

„განსაკუთრებული მადლიერებით აღინიშნა ის როლი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს უშუალოდ შეაქვს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში, იმ მედიაციის პროცესში, რაც ბოლო პერიოდში ჩატარდა ჩვენს უახლოეს მეზობლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთთან მიმართებაში. ბუნებრივია, დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი ამ ახალ სამეზობლო, რეგიონულ, სამხრეთ კავკასიის სამეზობლო ინიციატივაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერა და აქ ჩვენ გვაქვს აშშ-ის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.