დავით ზალკალიანი ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვრნელისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას საქართველოს გამორჩეული და განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, რაც აისახება როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგზე, ასევე ხალხთა შორის კავშირებზე.

განსაკუთრებით აღინიშნა ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხაზი გაესვა ლიეტუვის მნიშვნელოვან პრაქტიკულ მხარდაჭერას ორივე საკითხში.

ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სექტორული თანამშრომლობის დინამიკა. აღინიშნა, რომ ლიეტუვის დახმარების პაკეტში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია, ლიეტუვა გახლავთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი ტვინინგის პროგრამის განხორციელებაში, რომლის ფარგლებშიც უკვე მიმდინარეობს ექვსი პროგრამის განხორციელება.

მხარეები შეთანხმდნენ მომავალში ძალისხმევა მიმართონ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ამ მხრივ არსებული შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და პოტენციალის უკეთ რეალიზებისთვის.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის რეფორმების პოლიტიკას, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოს ჩართულობას და მის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებში.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას. აღინიშნა ქვეყნებს შორის ვიზიტორების მაჩვენებლის მზარდი დინამიკა, რასაც ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის პირდაპირმა ფრენებმა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა თბილისსა და ვილნიუსს შორის, მომავალი წლის გაზაფხულიდან პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე.