დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობას და ლიეტუვას ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

„რუსეთის მიზანი რეგიონში სტრატეგიული ცვლილებაა და წარმოდგენილი მოთხოვნები ეხება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და მოლდოვის მიერ გაკეთებულ არჩევანს, რომელიც არის ტრანსატლანტიკური, რომელიც არის ევროპული და ზუსტად ამის შეცვლას ცდილობს რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მუქარა კონკრეტულად უკრაინისკენ არის მიმართული, ცხადია, რუსეთის მიზანი მოიცავს საქართველოსაც და მათ სურთ რომ სწორედ ამ სახელმწიფოების ხალხების მიერ მანამდე გაკეთებულმა არჩევანმა დაკარგოს ვალიდურობა. ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება, არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ასე მოხდეს“, – აღნიშნა გაბრიელიუს ლადსბერგისმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მინისტრებმა ხაზი ასევე გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე და აღნიშნეს პარტნიორების ერთიანი პოზიცია, რომ არ გადაიხედება ალიანსის გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და ქვეყნების სუვერენული არჩევანი შეუერთდნენ უსაფრთხოების ალიანსს.

„ჩვენი დასავლელი მოკავშირეების საპასუხო რეაქციის მთავარი მიზანი არის სიტუაციის დეესკალაციის მიღწევა და კომპრომისის პოვნა, მაგრამ არა იმ მკაფიო წითელ ხაზებთან მიმართებით,რომელიც განსაზღვრულია. ეს წითელი ხაზები გახლავთ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ჩვენი თავისუფალი ნება, ავირჩიოთ უსაფრთხოების ალიანსები, აგრეთვე მიუღებლობა ევროპაში ახალი გამყოფი ხაზების და გავლენის ახალი სფეროების დაფუძნებისა“, – განაცხადა საქართველოს პირველმა დიპლომატმა.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რუსეთთან მიმდინარე დიალოგის ფარგლებში კოორდინაციის მნიშვნელობაზე, მათ შორის აშშ-საქართველოს და ნატო-საქართველოს შორის არსებულ მაღალი დონის კომუნიკაციაზე.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა. ასევე საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას და საქართველოს სამეზობლო ინიციატივას.

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გაცხადებული მიზანი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების შესახებ და ინტეგრაციის წარმატებისთვის დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების მიმდინარეობა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტრ გიტანას ნაუსედასთან, სეიმის სპიკერ ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.