დავით ზალკალიანი - ლევილის მამულის მმართველობა კულტურის სამინისტროს გადავეცით, დარწმუნებული ვარ, თეა წულუკიანი ღირსეულად გაუძღვება ამ პროცესს
დავით ზალკალიანი - ლევილის მამულის მმართველობა კულტურის სამინისტროს გადავეცით, დარწმუნებული ვარ, თეა წულუკიანი ღირსეულად გაუძღვება ამ პროცესს

მეამაყება, რომ დღეს ვიმყოფები ლევილში, იქ, სადაც დღეს ვასრულებთ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის პირველ ფაზას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საფრანგეთის ქალაქ ლევილ სურ-ორჟში სტუმრობის შემდეგ განაცხადა, სადაც ლევილის მამულში პირველი ეტაპის სამუშაოების ე.წ ორანჟერეის პროექტის პრეზენტაცია და ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა.

„მოგეხსენებათ, 2016 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადმოიბარა ჩვენი თანამემამულეებისგან ლევილის მამული, ჩვენი ვალდებულება იყო, დაგვესრულებინა პირველი ფაზა, რაც ითვალისწინებს იმ შენობას, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი. მნიშვნელოვანი საქმიანობა იქნა გაწეული ამ წლების განმავლობაში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიღო სერიოზული წვლილი იმისთვის, რომ დღეს ასეთი სახით წარვმდგარიყავით ამ ადამიანების და ჩვენი ქვეყნის წინაშე. რა თქმა უნდა, ეს ვალდებულება ითვალისწინებს მთლიანად ლევილის მამულის საბოლოო რეაბილიტაციას, რათა ეს იქცეს კულტურულ-ისტორიულ კერად, ლევილის აკადემიად, სადაც საშუალება იქნება, რომ საფრანგეთთან ერთად, ჩვენ თანამემამულეებთან, ვინც აქ ცხოვრობდა, პირველი რესპუბლიკის შთამომავლებთან ერთად, გავაგრძელოთ ის დიდი მიზანი და ოცნება, რაც მათ ჰქონდათ. ეს ადგილი იქცეს მნიშვნელოვან ისტორიულ-კულტურულ კერად, რაც ასეც იქნება, რადგან ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ჩვენი ვალდებულების“,- განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ლევილის მამულის მმართველობა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.

„დღეს გადავეცით უკვე ლევილის მამულის მმართველობა კულტურის სამინისტროს, რადგან მოგეხსენებათ, რომ ლევილის მამული არის მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული კერა, ის უნდა იქცეს ჩვენი ქართველების, ფრანგების და საფრანგეთში მცხოვრები პირველი რესპუბლიკის შთამომავლების საერთო აკადემიად და იმ ადგილად, სადაც შემდგომში უნდა ჩატარდეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება: გამოფენები, სემინარები, შეხვედრები. ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის მნიშვნელოვან ადგილად იქცევა მომავალში მას შემდეგ, რაც მთლიანად დასრულდება ეს ფაზა. დარწმუნებული ვარ, რომ კულტურის სამინისტრო და თეა წულუკიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში, ღირსეულად გაუძღვება ამ პროცესს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ლევილის მამულში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან დაიწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიამ ეტაპზე, დასრულდა სამუშაოების პირველი ნაწილი, ე.წ. ორანჟერეის პროექტი, რის შედეგადაც, კეთილმოეწყო 150 კვ. მეტრის საცხოვრებელი ფართი, მოპირკეთდა ეზო, მისასვლელი და მისი მიმდებარე ტერიტორია. მეორე – „დიდი პროექტი“, ითვალისწინებს ლევილის შატოს და სხვა ძირითადი შენობა-ნაგებობების განახლება/მოწყობას.