დავით ზალკალიანი - კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენი მოლოდინი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის საბოლოო დეკლარაციაშია თავმოყრილი
დავით ზალკალიანი - კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენი მოლოდინი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის საბოლოო დეკლარაციაშია თავმოყრილი

კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენი მოლოდინი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის საბოლოო დეკლარაციაშია თავმოყრილი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ასევე, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერებასა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებზე.

„ძალიან სერიოზული საქმიანობა გავწიეთ, რათა საბოლოო დეკლარაციაში მოხვედრილიყო ჩვენთვის მნიშვნელოანი დეფინიციები, კერძოდ, ევროპულ არჩევანთან და ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით, რაც არის კონტექსტში ევროკავშირის წევრობის 59-ე მუხლთან. ვფიქრობ, ამის კიდევ ერთხელ დადასტურება არის მნიშვნელოვანი და კარგია, რომ ევროპული მისწრაფება იქნება ასახული საბოლოო დეკლარაციაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში ასევე იქნება პირველად ტრიოს ფორმატის მიღება და ტრიოს ფორმატზე, როგორც ასეთზე საუბარი უკვე მიანიშნებს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები აღიარებენ ამ ფორმატს, როგორც შემდგარი თანმაშრომლობის ჩარჩოებს. ეს ხსნის ასევე ტრიოს ფორმატის სახით მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს. ქვეყნები, რომლებიც ამჟღავნებენ მეტ პროგრესს, უფრო მკაფიო, მეტი შედეგები აქვთ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ისინი იმსახურებენ შემხვედრ ნაბიჯებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რაც ძალიან კარგია.

ასევე ძალიან კარგია, რომ დეკლარაციაში ასახულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ევროკავშირის მეტი ჩართულობა კონფლიქტის მოწესრიგების კუთხით. ძალიან კარგია ეკონომიკური განზომილება, რომელიც უკვე შემოვიდა ამ დეკლარაციაში და შემდეგში ბევრი კონკრეტული მიმართულება იქნება, რომელზეც ჩვენ ვიმუშავებთ. იგივე შავი ზღვის მიმართულებით, შავი ზღვის საშუალებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, რაც ევროკავშირთან დაკავშირებადობას გააძლიერებს.

სხვა ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, რომელიც ასევე ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებსაც. ჩვენ გავაგრძელებთ მაგალითდ, მაგალითად, როუმინგის სისტემაში ჩართვის თვალსაზირსით, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობები, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ. განათლების კუთხით, იგივე Horizon and creative Europe -ის მიმართულებით შესაძლებლობები ჩნდება, რომ ჩვენმა მეცნიერებმა, სტუდენტებმა ისარგებლონ იმ კრიტერიუმებით, რა კრიტერიუმებითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ანუ ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ მიზნად ვისახავდით, რომ ფაქტობრივად, მაქსიმალურად მოვიცვათ ევროკავშირის პროგრამები, სააგენტოები. უკვე იქ, სადაც შესაძლებელია, ქვეყანას ჰქონდეს საშუალება, განვითარდეს და განავითაროს კონკრეტული მიმართულებით ისე, როგორც ამით სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ რა მოლოდინებიც ჩვენ გვქონდა, სამიტის საბოლოო დეკლარაციაში არის თავმოყრილი და გვექნება კონკრეტული, ხელშესახები შედეგი დღევანდელ სამიტზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.