დავით ზალკალიანი ხორვატიის ვიცე-პრემიერს შეხვდა
დავით ზალკალიანი ხორვატიის ვიცე-პრემიერს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ხორვატიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ევროპულ საქმეთა მინისტრს მარია ბურიჩს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ხორვატიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზაობა შემდგომშიც აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განსავითარებლად.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ხორვატიის ევროპულ საქმეთა მინისტრს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და ხორვატიის მტკიცე პოზიციისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებად დასახელდა ვაჭრობა და ეკონომიკა, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტები. დადებითად შეფასდა მხარეებს შორის იუსტიციის სფეროში არსებული თანამშრომლობა.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების და ინტენსიური შეხვედრების აუცილებლობას”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.