დავით ზალკალიანი - ხელისუფლება, პოლიტიკოსები, საჯარო პირები ყურადღებას უთმობენ და საჯაროდ გმობენ ლგბტ პირების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დარღვევას
დავით ზალკალიანი - ხელისუფლება, პოლიტიკოსები, საჯარო პირები ყურადღებას უთმობენ და საჯაროდ გმობენ ლგბტ პირების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დარღვევას

ხელისუფლება, პოლიტიკოსები და საჯარო პირები ყურადღებას უთმობენ და საჯაროდ გმობენ ლგბტ პირების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დარღვევას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

სოციალისტთა ჯგუფის წევრმა ბელგიიდან, ფურატ ბენ ჩიკამ ზალკალიანს ჰკითხა, როგორ აპირებს საქართველოს სახელმწიფო ლგბტ მოქალაქეების უფლებების დაცვას და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას, განსაკუთრებით კი მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილი არჩევნების გათვალისწინებით.

„ლგბტ საკითხებს სისტემურად იყენებენ ინსტრუმენტად საქარველოში სხვასხვა ჯგუფებში სიძულვილის გასაღვივებლად. მაგალითად, გასული ივლისს პრაიდმა და ფილმის „და ჩვენ ვიცკევეთ“ ჩვენებამ გაყო საზოგადოება“,- აღნიშნა კითხვისას ბელგიის წარმომადგენელმა.

დავით ზალკალიანის თქმით, სექსუალურ ორიენტაციაზე დაყრდნობით და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია ეწინააღმდეგება ადმიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

„ამის მიუხედავად, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, ლგბტ პირების უფლებებისადმი პატივისცემა ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. ჩვენ გვჯერა, რომ წევრმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და თავიდან აიცილონ მსგავსი დისკრიმინაცია.

მიგვაჩნია, რომ მათ ასევე უნდა აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩვენ ვიცით, რომ 2010 წელს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო წევრი ქვეყნებისადმი რეკომენდაციები, რომლებიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებს ეხებოდა. ეს რეკომენდაციები წარმოადგენს საერთო საფუძველს ევროპული ქვეყნებისთვის.

თებერვალში მინისტრთა კომიტეტი განიხილავს ახალ ანგარიშს ამ რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რის შემდეგაც ეს ანგარიში გასაჯაროვდება. ეს ანგარიში ასევე მოიცავს საქართველოში შექმნილ სიტუაციას. ჩვენ გადავხედეთ ჩვენს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას დისკრიმინაციის საფუძველის გაფართოებით და მასში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის დამატებით. ამ ზომებს თან ახლავს საინფორმაციო კამპანიები და კვლევების ჩატარება. ბოლო პრაიდის ღონისძიება თბილისში უსაფრთხოდ ჩატარდა, მუქარების მიუხედავად. ხელისუფლება, პოლიტიკოსები და საჯარო პირები ყურადღებას უთმობენ და საჯაროდ გმობენ ლგბტ პირების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებების დარღვევას“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.