დავით ზალკალიანი - ხავიერ კოლომინას ვიზიტი არის კარგი შესაძლებლობა, საგნობრივად ვისაუბროთ ნატო-საქართველოს ურთიერთობის ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე
დავით ზალკალიანი - ხავიერ კოლომინას ვიზიტი არის კარგი შესაძლებლობა, საგნობრივად ვისაუბროთ ნატო-საქართველოს ურთიერთობის ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის ხავიერ კოლომინას ვიზიტი არის კარგი შესაძლებლობა, საგნობრივად ისაუბრონ ნატო-საქართველოს ურთიერთობის ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

„ეს არის მისი პირველი ვიზიტი. მოგეხსენებათ, მან ცოტახნის წინ შეცვალა ჩვენი დიდი ხნის მეგობარი ჯეიმს აპატურაი. გაცნობითი ვიზიტია და არის კარგი შესაძლებლობა, საგნობრივად ვისაუბროთ ნატო-საქართველოს ურთიერთობის ძირითად მიმართულებებზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი და სერიოზული პროგრესი წევრობის მიმართულებით, პოზიტიურად შეფასდა, თუ როგორ ასრულებს საქართველო ყველა იმ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც გაგვაჩნია  – ყოველწლიური სამოქმედო პროგრამა, ასევე, ნატო- საქართველოს კომისიის მიმართულება, არსებითი პაკეტი, რომელიც განახლდა, შესრულების თვალსაზრისით ასევე სერიოზული პროგრესია და აღინიშნა, რომ ფაქტობრივად, საქართველო მოქმედებს, როგორც წევრი ქვეყანა. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მომწიფებული, რომ ქვეყანა იყოს მზად იმ მომენტისთვის. ამისთვის კიდევ ერთხელ წამახალისებელი და მხარდამჭერი გზავნილები ჩამოიტანა გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, რომ გავაგრძელოთ ის რეფორმები, რომლებიც თავდაცვის სფეროშია, ასევე ქვეყნის დემოკრატიზაციის კუთხით, აგრეთვე თავსებადობის გაძლიერების თვალსაზრისით და მადლიერება გამოხატა იმ წვლილისთვის, რომელიც ჩვენ შევიტანეთ ავღანეთში, ავღანეთის ოპერაციაში, ასევე, გამოსვლის დროს ერთობლივი საქმიანობით, როგორც სამხედრო კომპონენტის, ისე სამოქალაქო დანიშნულების მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ხავიერ კოლომინას საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის სერიოზული გზავნილი იყო.

„მისი ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე იყო ძალიან სერიოზული, მძლავრი გზავნილი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, მიუღებლობის იმ საოკუპაციო პოლიტიკის, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია როგორც ნატო-ს მინისტერიალი, ისე მომავალ წელს არის ნატო-ს სამიტი. მნიშვნელოვანი სამიტი იქნება და ჩვენი სურვილია, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში მნიშვნელოვანი პროგრესი იყოს დაფიქსირებული საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რათა უკვე არსებული პროგრესი გაღრმავდეს, განმტკიცდეს იმისთვის, რომ ჩვენს ნატოელ პარტნიორებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც ჩვენს საგნობრივ, ხელშესახებ პროგრესს ასახავს შესაბამის გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.