დავით ზალკალიანი ხატია დეკანოიძის განცხადებას პროვოკაციულს უწოდებს და ამბობს, რომ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს
დავით ზალკალიანი ხატია დეკანოიძის განცხადებას პროვოკაციულს უწოდებს და ამბობს, რომ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას უპასუხისმგებლოს და უსაფუძვლოს უწოდებს.

საუბარია ხატია დეკანოიძის მიერ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც მან თქვა: „სიმართლე გითხრათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ რთულ დროს, როდესაც უკრაინაში ადამიანები იღუპებიან და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა პუტინისა და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ასეთ მკაცრ სანქციებს აწესებს, ქართველები, ანუ საქართველოს ხელისუფლება ეძებენ რაღაც შავ ხვრელებს, რომ დაეხმარონ პუტინს, შექმნას იარაღი, რათა შემდეგ მოკლას“.

როგორც დავით ზალკალიანმა ამ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, საქართველომ უკრაინის მიმართ არა მხოლოდ სოლიდარობის, არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„წარმოუდგენელ უტიფრობასთან გვაქვს საქმე, როდესაც შენს ქვეყანას ასეთ ცილისმწამებლურ, უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადებებით აყენებ ასეთ მდგომარეობაში, როდესაც ყველამ ძალიან კარგად იცის, რას აკეთებს საქართველო და რა ნაბიჯები გადადგა უკრაინის მიმართ სოლიდარობის და არა მხოლოდ სოლიდარობის, პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის კუთხით. მაშინ, როდესაც საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა ოკუპაციის მძიმე შედეგები და კიდევ ყოველდღიურად ვუმკლავდებით ამ მცოცავ ანექსიას, ოკუპაციას, როდესაც თბილისიდან რამდენიმე კილომენტრში არის საოკუპაციო ჯარები და ასეთ სიტუაციაში ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილებები, როგორიც არის გაერო-ს რეზოლუციის დასპონსორება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, როდესაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციის უფლებების შეჩერებას, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს იგივე დონბასთან და დონეცკთან მიმართებით, როდესაც საქართველო იყო 37 ქვეყანასთან ერთად, რომელმაც მხარი დაუჭირა საერთაშორისო სისხლის სასამართლოში გამოძიების დაწყებას, როდესაც საქართველო 44 ქვეყანასთან ერთად მხარს უჭერს ეუთო-ში ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, რომელიც ითვალისწინებს გამოძიებას ტერიტორიებზე უკრაინაში მიმდინარე დანაშაულებებთან დაკავშირებით, ამ ფონზე როგორ უნდა ბედავდეს ვინც არც უნდა იყოს ის, მსგავსი განცხადების გაკეთებას. ეს არის პროვოკაციული განცხადება და კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, მსგავს უტიფარ განცხადებებთან დაკავშირებით მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.