დავით ზალკალიანი - კელი დეგნანი ამბობს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სრულად მომუშავე პარლამენტი და ოპოზიცია ხარვეზების შესახებ პარლამენტში საუბრობდეს
დავით ზალკალიანი - კელი დეგნანი ამბობს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სრულად მომუშავე პარლამენტი და ოპოზიცია ხარვეზების შესახებ პარლამენტში საუბრობდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ზოგადად, როდესაც არჩევნები არალეგიტიმურია, დიპლომატები ამაზე პირდაპირ საუბრობენ და ასეთი წარმოდგენის რომ იყვნენ, თქმა არ გაუჭირდებოდათ.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, კანონპროექტის ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირში გაგზავნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ ხელისუფლება მზად არის, კანონი საერთაშორისო პარტნიორების, მათი რეკომენდაციის შედეგად იქნას მიღებული.

„არ გაუჭურდებათ. დიპლომატები ასეთი ენით საუბრობენ. ბევრი ქვეყანაა, სადაც დიპლომატები პირდაპირ ამბობენ, რომ არჩევნები არალეგიტიმურია. კელი დეგნანი იქ იმასაც ამობობს, რომ ქვეყანას სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი უნდა ჰქონდეს, ოპოზიცია უნდა შევიდეს და იმ ხარვეზების შესახებ პარლამენტში უნდა ისაუბროს. ეს ხარვეზები გასათვალისწინებელია და ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის ჩვენი პარტნიორების განცხადებები. ჩვენმა ოპონენტებმაც კარგად უნდა გაიგონ.

სწორედ ის ფაქტი, რომ გუშინ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ეს კანონპროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში და ეუთო/ოდირში, ხელისუფლების მზაობას მიანიშნებს, რომ ჩვენ ვართ მზად საერთაშორისო პარტნიორების, მათი რეკომენდაციის შედეგად იყოს მიღებული ეს კანონი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი პარტნიორების გვესმის. კარგია, რომ ოპოზიციას დღეს ამერიკის ელჩის მიმართ ასეთი განწყობა აქვს, რაც არ იყო რამდენიმე დღის წინ და ვხედავდით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი როგორი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ჩვენ მათთან მუდმივად კონსულტაციისა და კომუნიკაციის რეჟიმში ვართ. ყოველთვის ვითვალისწინებდით და მომავალშიც გავითვალისწინებთ. დაფინანსების შესახებ კანონპროექტზე როგორც კი საერთაშორისო ექსპერტების დასაკვნა იქნება, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების და პარლამენტის მხრიდანაც ადეკვატური რეაგირება იქნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ცხრა პარტიას დაუჭირა მხარი და ერთპარტიული პარლამენტი სამწუხარო უკუსვლა იქნება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არცერთ საკანონმდებლო ინიციატივას არ ეთანხმება, რომელის ოპოზიციის შევიწროებას ითვალისწინებს.