დავით ზალკალიანი - კატეგორიულად მიუღებელია იმ საკითხებით მანიპულირება, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას და უსაფრთხოებას ეხება
დავით ზალკალიანი - კატეგორიულად მიუღებელია იმ საკითხებით მანიპულირება, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას და უსაფრთხოებას ეხება

კატეგორიულად მიუღებელია იმ საკითხებით მანიპულირება, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას და უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია, რომელიც აიტაცეს ოპონენტებმა. სამწუხაროა, რომ მათი მხრიდან ხდება ასეთი საკითხით მანიპულირება – როდესაც საქმე ეხება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. იქ, სადაც საქართველო არის უაღრესად თანმიმდევრული და ძალიან ძლიერი, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტისას.

კატეგორიულად მიუღებელია იმ საკითხებით მანიპულირება, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას და უსაფრთხოებას. ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავს შემთხვევებში“,- განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ძალიან საეჭვოა ინფორმაციის გავრცელების წყარო – ვებსაიტი და მისი სახელწოდება.

„საეჭვოა ასევე დეზინფორმაციის გავრცელების დრო, რაც ემთხვევა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს. არ მინდა ვიფიქრო, რომ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ხდება ასეთი სახის დეზინფორმაციის გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვის.

სამწუხაროა, რომ საჯაროდ ხდება სხვა სახის განცხადებების გაჟღერება, რომ ისინი ებრძვიან დეზინფორმაციას და ანტიდასავლურ კამპანიას და რეალურად, ხელს უწყობენ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას“,- აღნიშნავს დავით ზალკალიანი.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა აშშ-ში საქართველოს საელჩომაც. როგორც საელჩო აღნიშნავს, ინფორმაცია, თითქოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი.