დავით ზალკალიანი - ჯო ბაიდენის განცხადება აღიარებაა იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესისა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით განხორციელდა
დავით ზალკალიანი - ჯო ბაიდენის განცხადება აღიარებაა იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესისა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით განხორციელდა

ეს გახლავთ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და ფუნქციის აღიარება, იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესისა, რომელიც განხორციელდა უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებასთან დაკავშორებით განაცხადა.

„ეს არის ასევე აღიარება იმ როლისა, რასაც საქართველო ასრულებს რეგიონალურ მასშტაბში. ჩვენ მომავალშიც მზად ვართ, რომ ეს ფუნქცია ავიღოთ საკუთარ თავზე და საქართველო იყოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა რეგიონში, როგორც აშშ-ის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მთავარი მოკავშირე, რათა შემდგომი რეგიონალური თანამშრომლობის პროექტები განხორციელდეს. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ თბილისი გახდეს პლატფორმა ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან დიალოგის შემდგომი განხორციელების თვალსაზრისით, რომ ის სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკური პროექტები შემდგომში განხორციელდეს, რაშიც არის დაინტერესებული, როგორც აშშ, ასევე დაინტერესებული არის საქართველო.

დარწმუნებული ვარ, რომ ამაში დაინტერესებული არიან ჩვენი მეზობლებიც, რადგანაც სხვა ალტერნატივა, გარდა გრძელვადიანი მშვიდობისა რეგიონში არ არსებობს და ამაში ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს უნდა ჰქონდეს საქართველოს მთავრობის, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი, რომ ჩვენც მომავალშიც ამ მნიშვნელოვან ფუნქციას განვახორციელებთ. მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით დავადასტურო მზაობა, რომ საქართველო მომავალშიც მზად არის შეასრულოს როლი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მხარდაჭერით სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხში მიღწეული პროგრესი გახდება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველი.