ჯო ბაიდენი - ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მხარდაჭერით სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხში მიღწეული პროგრესი გახდება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველი
ჯო ბაიდენი - ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მხარდაჭერით სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხში მიღწეული პროგრესი გახდება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და ახალი მთავრობის ფორმირება მიულოცა. მისალოც გზავნილს სომხური მედია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯო ბაიდენი იმედს გამოთქვამს, რომ სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხში საქართველოს მხარდაჭერით მიღწეული პროგრესი გახდება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველი.

„აშშ მოხარული იყო დახმარებოდა აზერბაიჯანიდან სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების ძალისხმევას. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ყველა სამხედრო ტყვის უსაფრთხო დაბრუნებისკენ მოწოდებას. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მხარდაჭერით ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი ამ სფეროში გახდება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველი, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ ინიცირებულ დისკუსიებთან ერთად“, – ნათქვამია ჯო ბაიდენის მისალოც გზავნილში.

აშშ-ის ლიდერის თქმით, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება სომხეთში ხაზს უსვამს სომეხი ხალხის სწრაფვას უფრო მეტად დემოკრატიული, სამართლიანი, აყვავებული, კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებისკენ. აშშ ასევე მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რაც შეიძლება მალე შეუდგნენ არსებით მოლაპარაკებებს.