დავით ზალკალიანი - ისრაელში მყოფმა საქართველოს ერთმა მოქალაქემ მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა მის ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება 
დავით ზალკალიანი - ისრაელში მყოფმა საქართველოს ერთმა მოქალაქემ მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა მის ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ისრაელის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. მისივე თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.

„ძალიან გვაღელვებს სიტუაცია, რომელიც შექმნილია ახლო აღმოსავლეთში. ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომლებიც განხორციელდა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. პირველ რიგში, გვაღელვებს ბედი ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ისრაელის ტერიტორიაზე. საელჩო არის 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასული. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან, ამოქმედებულია ცხელი ხაზი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, ზლკალიანის ინფორმაციით, ისრაელში მყოფმა საქართველოს ერთმა მოქალაქემ მიიღო მცირე დაზიანება. მისივე თქმით, ისრაელში საქართველოს საელჩო მასთან კავშირზეა და არავითარი საფრთხე დაშავებულის ჯანმრთელობას არ ემუქრება.

„ჩვენი დიდი სურვილია, რომ სიტუაცია წავიდეს დეესკალაციის გზით და გამოინახოს შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სარაკეტო თავდასხმები და მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, მშვიდობიან გარემოში გააგრძელოს ცხოვრება. ჰქონდა ერთ ინციდენტს ადგილი ჩვენს მოქალაქესთან დაკავშირებით. მან მიიღო ძალიან მცირე დაზიანება. მინდა, დავამშვიდო ყველა, მათ შორის მისი ოჯახის წევრებიც. საელჩო არის მასთან კომუნიკაციაზე და არანაირი გართულება არ არის, არანაირი საფრთხე მის ჯანმრთელობას არ ემუქრება, ის უკვე გამოწერილია და თავს კარგად გრძნობს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.