დავით ზალკალიანი - ევროკავშირის სიაში საქართველო ერთადერთია რეგიონის ქვეყნებიდან, რაც მიანიშნებს, როგორი წარმატებით უმკლავდება ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლას
დავით ზალკალიანი - ევროკავშირის სიაში საქართველო ერთადერთია რეგიონის ქვეყნებიდან, რაც მიანიშნებს, როგორი წარმატებით უმკლავდება ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლას

რამდენიმე ქვეყნისგან კიდევ ველით, არ გვაქვს საბოლოო დასტური, თუ რა რეჟიმი იქნება საქართველოსთან მიმართებით და ბუნებრივია, ჩვენი გადაწყვეტილებაც ამ ქვეყნებთან მიმართებით იქნება სარკისებური, ანუ ნაცვალგების პრინციპზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

„ის ფაქტი, რომ საქართველო რეგიონიდან ერთადერთია დასახელებულ ქვეყნებს შორის, მიანიშნებს, თუ როგორ წარმატებით უმკლავდება ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება და მთავრობა პანდემიასთან ბრძოლას. მას შემდეგ, რაც გამოცხადდა და მანამდეც ვიყავით მუდმივ კომუნიკაციაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მოგეხსენებათ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც არის მიღებული, არ არის იურიდიულად სავალდებულო, ის ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და გადაისინჯება ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს ჩვენ, რათა ეპიდემიოლოგიური კუთხით არ მოვადუნოთ ჩვენი საქმიანობა და შევინარჩუნოთ ის ძალიან კარგი შედეგი, რა შედეგის გამოც საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა აღიარებულია როგორც ძალიან ეფექტური და ორი კვირის შემდგომ, როდესაც იქნება მსჯელობა ევროკავშირის შიგნით, საქართველო მუდმივად იყოს უსაფრთხო ქვეყნების რიგში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ვინაიდან გადაწყვეტილება არ არის სავალდებულო ხასიათის და ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყანა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, დასახელებული 15 ქვეყნიდან ვისთან როგორი რეჟიმი დააწესოს, ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შედგა მყისიერი კომუნიკაცია ყველა ევროპულ დედაქალაქთან.

„მინდა, რამდენიმე მაგალითი გითხრათ, იმ მონაცემებზე, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს გამომდინარე ჩვენი კომუნიკაციიდან. მაგალითად, ავსტრიამ საერთოდ არ გაითვალისწინა ევროკავშირის რეკომენდაცია და დასახელებული 15 ქვეყნიდან არც ერთს არ გაუხსნა თავისი საზღვრები. ეს მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა და ავსტრიის ხელისუფლებამ ახსნა კიდეც, რომ ის უფრთხილდება იმ სიტუაციას, რომელიც უსაფრთხოებისა და ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით არის შექმნილი ავსტრიაში. აქედან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება. ვაზუსტებ, ეს ეხება მხოლოდ ტურისტული თვალსაზრისით მიმავალ ქვეყნებს. არის ასევე რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც ასევე არ მიიღო საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. მაგალითად, შვედეთი, დანია, ასევე ბულგარეთი. რამდენიმე ქვეყნისგან კიდევ ველით, არ გვაქვს საბოლოო დასტური, თუ რა რეჟიმი იქნება საქართველოსთან მიმართებით და ბუნებრივია, ჩვენი გადაწყვეტილებაც ამ ქვეყნებთან მიმართებით იქნება სარკისებური, ანუ ნაცვალგების პრინციპზე. რა გადაწყვეტილებასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ საქართველოსთან მიმართებით, ბუნებრივია, ჩვენი გადაწყვეტილებაც ამ ქვეყნებთან მიმართებით იქნება შესაბამისობაში მათ გადაწყვეტილებასთან“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.