დავით ზალკალიანი - ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა ანდეს, არის ამ ორგანიზაციის მხრიდან დიდი ნდობის გამოხატულება
დავით ზალკალიანი - ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა ანდეს, არის ამ ორგანიზაციის მხრიდან დიდი ნდობის გამოხატულება

დღეს ისტორიული დღეა, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში. ეს არის ის პერიოდი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განვლო. ეს არის პერიოდი, რომელიც სავსე იყო გამოწვევებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება აქვს და ოცი წლისთავზე, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. 

„მოგეხსენებათ, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ევროპის ფარგლებში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, სამართლიანობის და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირითად მიმართულებებს. თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობა ანდეს, ეს არის დიდი ნდობა, რომელიც ამ ორგანიზაციის მხრიდან არის გამოხატული და ასევე, არის აღიარება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რეფორმების გზაზე, რაც დიდწილად მიმართულია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებაა, არამედ არის შეფასება, რომელიც ევროპელი პარტნიორების მხრიდან ძალიან ხშირად გვესმის.