დავით ზალკალიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მოჰამედ ჯავად ზარიფთან.

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ირანს შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის მიესალმნენ გააქტიურებულ ხალხთაშორის კონტაქტებს და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკას.

სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ქართული მხარე დაინტერესდა ბოლო მოვლენებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და სპარსეთის ყურეში.

თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას სტაბილური განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ირანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.