დავით ზალკალიანი - ირაკლი ღარიბაშვილსა და იენს სტოლტენბერგს შორის დროული, საგნობრივი განხილვა გაიმართა, საზოგადოებამ იხილა გზავნილები, რომლებიც მკაფიო პასუხია, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით
დავით ზალკალიანი - ირაკლი ღარიბაშვილსა და იენს სტოლტენბერგს შორის დროული, საგნობრივი განხილვა გაიმართა, საზოგადოებამ იხილა გზავნილები, რომლებიც მკაფიო პასუხია, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით

ვფიქრობ, უაღრესად დროული და საგნობრივი განხილვა გაიმართა პრემიერ-მინისტრსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საზოგადოებამ იხილა საჯარო გზავნილები, რომელიც ძალიან მკაფიო პასუხია, თუ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით და იმ ახალი გეოპოლიტიკური სურათის ფონზე, რაც იქმნება რეგიონში, როგორი უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის და ნატო-ს რეაქცია.

„მადლიერი ვართ ჩვენი ნატოელი პარტნიორების, რომლებიც აცხადებენ, რომ ნატო-ს გაფართოება და ნატო-ში ინტეგრაცია არის სწორედ იმ ქვეყნის, ვისაც აქვს ამის სურვილი, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და რაც არის მკაფიოდ გაწერილი ნატო-ს შესაბამის წესდებაში. სწორედ ორმხრივი საქმეა და არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ამ პროცესს.

ასევე მკაფიოა ჩვენი ნატოელი პარტნიორების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბუქარესტში იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მკაფიოა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ასრულებს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო მიზნის მისაღწევად, ნატო-ში გასაწევრიანებლად, რომ ჩვენ თანმიმდევრული ვართ ჩვენს პოლიტიკაში და ჩვენს საქმიანობაში ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ყველა თანხმდება, რომ საქართველო უკვე პრაქტიკულად მოქმედებს, როგორც წევრი ქვეყანა. ამის ნათელი დასტური იყო ჩვენი მონაწილეობა ავღანეთის მისიაში, ამის ნათელი დასტურია ყოველწლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაცია და დასტურია ის, რა შეფასებებიც ჩვენ მივიღეთ თუნდაც რიგის ბოლო მინისტერიალზე.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუხედავად იმ რიტორიკისა და მძაფრი განცხადებებისა, რომელიც გვესმის, ჩვენ არ უნდა შევანელოთ ჩვენი გზა ნატო-სკენ, უნდა გავაგრძელოთ, განვახორციელოთ რეფორმები, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ისე ქვეყნის დემოკრატიზაციის გაძლიერების კუთხით, რათა ვიყოთ მზად იმ დროისთვის, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება და კონსენსუსი მომწიფდება ნატო-ს წევრებს შორის. ასე რომ, ჩვენი გეგმები ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით არ იცვლება და ჩვენ თანმიმდევრული ვიქნებით“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.