დავით ზალკალიანი - ინვესტიციების კუთხით საუდის არაბეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის
დავით ზალკალიანი - ინვესტიციების კუთხით საუდის არაბეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის

საუდის არაბეთი ყოველთვის გამოხატავდა თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

​როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

„აღნიშნული ვიზიტი არის ნათელი დადასტურება ჩვენი სურვილის, გააქტიურდეს და გაღრმავდეს თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა საქართველოსა და საუდის არაბეთის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე.

2019 წელი განსაკუთრებულია ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ჩვენ აღვნიშნავთ საიუბილეო თარიღს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელს. ჩვენს ქვეყნებს შორის სულ უფრო მტკიცდება და ძლიერდება თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან საუდის არაბეთი ყოველთვის გამოხატავდა თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ საუდის არაბეთთან ისტორიული კავშირების აღდგენას.

ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. ინვესტიციების კუთხით საუდის არაბეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის. ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას წარმოადგენს ხალხთა შორის კონტაქტები. ამ კუთხით აღსანიშნავია საუდის არაბეთის მხრიდან ტურისტების მზარდი დინამიკა და განსაკუთრებული აქცენტები გავაკეთეთ პირდაპირი რეისების არსებობაზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფისაქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი დავით ზალკალიანის გარდა, შეხვედრებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.

საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა.