დავით ზალკალიანი - ინტენსიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან და არ მოგვერიდება გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რომ  ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს
დავით ზალკალიანი - ინტენსიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან და არ მოგვერიდება გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რომ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე პარტნიორებთან მუდმივად საუბრობენ.

როგორც ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, არ მოერიდებათ გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს.

„ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. ეს იყო საუბრის თემა ბოლო ზარებისაც, მათ შორის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ვარჰეისთან პრემიერ-მინისტრის ზარის, პრეზიდენტის გუშინდელი შეხვედრები ბრიუსელში, ჩემი საუბარი ბატონ ბორელთან. საუბრის მთავრი თემა უსაფრთხოების თემებთან ერთად, იყო ჩვენი ევროპული პერსპექტივა და გაწევრიანების საკითხი.

ძალიან კარგია პარლამენტის რეზოლუცია. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და არ მოგვერიდება გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რომ დაჩქარდეს ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ეს პროცესი იყოს შეუქცევადი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი წარადგინა. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მოუწოდებენ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის. ამასთან, მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.