დავით ზალკალიანი - ინტენსიურად ვიმუშავებთ ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ შეზღუდვები ამოქმედდეს
დავით ზალკალიანი - ინტენსიურად ვიმუშავებთ ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ შეზღუდვები ამოქმედდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა ემსახურებოდა დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებით.

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ელჩებს დეტალურად განუმარტა ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც სიის ფორმირება მოხდა.

„დეტალურად განვუმარტე ასევე ის, თუ რას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია და საქართველოს მთავრობის დადგენილება. რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად.

ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ამ მიმართულებით უკვე არის გარკვეული ნაბიჯები გადადგმული. კერძოდ, მათ კიდევ ერთხელ შევახსენე ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც მკაფიოდ არის საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ შესაბამისი სანქციები ამ სიასთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში.

აგრეთვე პოზიტიურად შევაფასე აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საკანონმდებლო ინიციატივა. ბუნებრივია, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინდივიდუალური მიდგომა, ყველა თავისი კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედებს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება კოორდინირებული მუშაობა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად იმუშავებს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ ამოქმედდეს შეზღუდვები და დადგეს შესაბამისი შედეგი“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საგარეო უწყებაში შეხვდა.

დადგენილების პროექტი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საქართველოს მთავრობამ 26 ივნისს დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. სიაში ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი. დოკუმენტის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები არიან.