დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა
დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს განახორციელებული ისტორიული ვიზიტისთვის, რომლის ფარგლებში საქართველოს მუდმივ მფლობელობაში გადაეცემა წმინდა დიდმოწამე დედოფლის, ქეთევანის წმინდა ნაწილი და გაიხსნება მაჰათმა განდის ძეგლი თბილისში.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ საქართველოს პირველად ეწვია ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მინისტრმა ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ინდოეთის მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის და ინდოეთის მხარის ყველა წარმომადგენელს, ვინც ინდოეთში საქართველოს საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩართული იყო დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის დაბრუნების საქმეში, მათ შორის ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინდოეთის კულტურის სამინისტროსა და ინდოეთის არქეოლოგიურ სამსახურს.

დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც თან ახლავს ამ ვიზიტს: თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნა, რაც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ ძეგლი ქართულ მხარეს საჩუქრად გადმოეცემა ინდური მხარის მიერ.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკას და მათ მნიშვნელობას სხვადასხვა, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, განათლებისა და საკანონმდებლო სფეროებში. მათ ასევე ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის თანამშროლობა ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის და ინოვაციების სფეროებში. ამასთან, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ინდოეთის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.